ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.
მიხეილ სააკაშვილის გუნდი და ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ. სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მთავარ მოთხოვნად რჩება. ადვოკატები, თანაგუნდელები და ოჯახის წევრები ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევენ და დროულ რეაგირებას ითხოვენ. ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნა სახელდება, რომლის მიმართ, როგორც ირკვევა, კითხვები აქვს პენიტენციურ სამსახურს. უწყება ომბუდსმენის აპარატიდან განმარტებებს ელოდება, თავის მხრივ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად წერილით მიმართავს სასამართლო, სადაც დღეს ყოფილი პრეზიდენტის პროცესის გადადება გახდა საჭირო. მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანაზე საუბრობს ცენტრი „ემპათიაც“. თუმცა ხელისუფლება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს იმ არგუმენტით, რომ სააკაშვილი ცალკეული მედიკამენტების და საკვების მიღებაზე თავად ამბობს უარს.