მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კონსილიუმის განცხადება
მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა რჩება გარკვეული ცვლილებები, რასაც მკურნალობა სჭირდება, – ამის შესახებ პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ განაცხადა. სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსებმა, ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში მოინახულეს. ეს იყო კონსილიუმის წევრების პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გორში გადაიყვანეს. ასევე, ექიმების ინფორმაციით, კვების აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით, ნუტრიციოლოგიის სპეციალისტებმა იმსჯელეს და პროტოკოლი პირად ექიმთან შეათანხმეს. სააკაშვილის პირადი ექიმი კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს და კარგი იქნება თუ მისი პატიმრობა გადავადდება, იმისათვის რომ ექსპრეზიდენტმა სრული სამკურნალო კურსი გაიაროს.