მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის პალატაში გადაღებული ვიდეოკადრების შესახებ, რომელიც „სიენენის“ეთერში გავიდა, კომენტარს აკეთებს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მთავარ პრობლემად რჩება კვება. მისივე თქმით, სააკაშვილს შესწევს უნარი გააფართოოს კალორაჟი და ამის შესახებ ინფორმირებულია სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.

ზურაბ ჩხაიძის საპასუხოდ, მედიასთან საუბარში გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და საკვების მიღების შემდეგ ტაქიკარდია ეწყება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სახსრებისა და კუნთების გაუსაძლისი ტკივილი აქვს.