მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დასავლეთმა და მისმა დემოკრატიულმა იდეალებმა იმედები გაიცრუა მას და მის ორივე ქვეყანას – უკრაინას და საქართველოს. „2008 წელი იყო რეპეტიცია, მაშინ მე ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობაში ვიყავი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილში. ის აგვისტოს ომის ქრონოლოგიას აღწერს და ნატოს ბუქარესტის სამიტს წარუმატებელს უწოდებს იმის გამო, რომ ლიდერებმა ვერ შეძლეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსის სწრაფვაზე პირდაპირი და არა ორაზროვანი დადებითი პასუხის გაცემა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გამოდის, რომ პუტინი გამძლეობით იმარჯვებს უფრო ძლიერ დასავლეთზე, არსებული უთანხმოებების მანიპულაციებით, მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანით და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გახრწნით.