მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ქართული პოლიტიკური სპექტრი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. მმართველ გუნდთან ერთად, ყოფილ პრეზიდენტს რუსული ნარატივის გატარებაში მისი ყოფილი თანაგუნდელები,  „ევროპული საქართველოს“ წევრებიც ადანაშაულებენ. კრიტიკის მიზეზი პოლონეთში სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ ძლიერი საქართველო და უკრაინა რუსეთთან ერთად არც ევროპას სჭირდება.

„ერთ მხარეს არის პუტინი, მეორე მხარეს კი დასავლეთი თავისი კოლონიალისტური მიდგომებით,“- როგორც ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ქვეყნების სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ხშირად ევროპული ბიუროკრატია აფერხებს და ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელზეც სააკაშვილი საუბრობდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრალდება სააკაშვილის პრორუსულობაზე აბსურდად მიაჩნიათ. სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ პუტინსა და ევროპას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სწორედ რუსული ნარატივია და მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რეალურად რამდენად ანტიდასავლურია ის და მისი პარტია.