გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისშია და მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ის უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია, გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნავს როთი და ავრცელებს მათთან გადაღებულ ფოტოს სათაურით – სულელებო, აი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება.
მის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი და მასთან შეხვედრასაც აპირებს. მმართველ პარტიაში მიხაელ როთისგან ბოდიშის მოხდას ელოდებიან და მასთან შეხვედრას მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ. მიხაელ როთი საქართველოში ორი დღის განმავლობაში დარჩება, 18 სექტემბერს კი ის თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, 14 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი განაცხადა: როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.