საქართველოს შესახებ რეზონანსული განცხადებებით ცნობილი გერმანელი დეპუტატი ოთხი თვის შემდეგ ისევ თბილისშია.
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამჯერად წინასაარჩევნო გარემოს გასაცნობად ჩამოვიდა. უკვე გაიმართა შეხვედრები ოპოზიციასთან და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. მმართველი გუნდი კი როთის მიღებაზე უარს ამბობს და მაისში გაკეთებული კომენტარების გამო მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. იგულისხმება ის განცხადებები, რომლებიც გერმანელმა პარლამენტარმა ოთხი თვის წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გააკეთა. „ქართული ოცნების“ ლიდერების განსაკუთრებული აღშფოთება კი ანტისამთავრობო აქციაზე როთის მისვლას და სცენიდან გაკეთებულ პოლიტიკურ მოწოდებებს მოჰყვა. ხელისუფლების და პროტესტის ფონზე დამტკიცებული კანონის კრიტიკისგან თავი როთის ამჯერადაც არ შეუკავებია.