ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა სახელწოდებით, „ღირსი ალექსი სენაკელი“ დაყუდებული ბერის და საეკლესიო მწერლის გარდაცვალებიდან 100 წლის თავს ეძღვნება და ღირსი მამის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. მნიშვნელოვანია, რომ წიგნში ახლადმიკვლეული საარქივო მასალაც არის თავმოყრილი, რაც აქამდე უცნობ დეტალებზე გვიყვება.
წიგნი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციას ავტორთან ერთად, სასულიერო პირები ესწრებოდნენ. წარდგენაზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა.