მეუფე იაკობის ბრალდებები ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასა და ხელისუფლებას. როგორ გადაწყვეტს საპატრიარქო უმაღლეს სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას. ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, ხვალ მას შემდეგ გაკეთდება, რაც სხვადასხვა ეპარქიების მეუფეები თბილიში ჩამოვლენ და სკანდალურ განცხადებებზე იმსჯელებენ.
მეუფე იაკობმა „tv პირველის“ ეთერში აღნიშნა, რომ პატრიარქის გადადგომის მიზნით, შეთქმულება იგეგმებოდა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, აღნიშნულ შეხვედრას სხვა პირებთან ერთად კი გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ. მეუფე იაკობის კიდევ ერთი განცხადების მიხედვით, უწმინდესის მკვლელობის დაგეგმვაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იყო ჩართული.
ბრალდებას აბსურდული და დაუჯერებელი უწოდა მთავრობის მეთაურმა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება მძიმე ბრალდების ადრესატ პეტრე ცაავას, მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით, ნათლად ჩანს, რა მძიმე მდგომარეობაა ეკლესიაში. მეუფე იაკობმა კი ამ განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.