ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ, გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში. მიზეზი საქართველოს მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები გადახედვას აღარ დაექვემდებარება. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები უნდა იყოს და არა – ვასალური დამოკიდებულება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით სტრატეგიული ურთიერთობა შეუძლებელია.
„არაუმეტეს ორი კვირის წინ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას. არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არა მხოლოდ რიტორიკა“, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ამასთან, მას აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა: „რა დონეზე გადახედეთ ურთიერთობას?“, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი აანალიზებს სხვების მიერ მომზადებულ ანგარიშს და კონსულტაციების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას.