„მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეული იწყება

„მერსედეს ბენცის“ რიგით მეათე მოდის კვირეული იწყება. ქვეყნის მოდის სამყაროს მთავარი მოვლენა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, ქართველი და უცხოელი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები ნახონ. ჩვენებები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

კვირეულის წლევანდელი კონცეფცია ქალთა ძალადობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ამასთან დაკავშირებით, კვირეულის ორგანიზატორებსა და გაერო-ს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისს შორის მემორანდუმიც გაფორმდა.

მოდის კვირეულის ფარგლებში, დიზაინერების ახალი კოლექციების ჩვენებების გარდა, დაგეგმილია ფოტოგამოფენები, კინოჩვენებები, მასტერკლასები და ვორქშოფები. 1-ელ ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, მწერალთა სახლი ცნობილ პოლონელ რეჟისორს, ინტელექტუალური კინოს გამორჩეულ წარმომადგენელს, პაველ პავლიკოვსკის უმასპინძლებს.