პარტია „ხალხისთვის” მეორე ტურისთვის პარტიული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და მხარდამჭერებს სრულ თავისუფლებას უტოვებს, თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც, მათი თქმით, მათი ამომრჩევლებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნება.
როგორც პარტიის ლიდერმა ანა დოლიძემ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა პლებისციტის გზით იქნება მიღებული, კერძოდ მათ მოისმინეს პარტიის წევრებისა და ამომრჩევლების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რის შედეგადაც აზრი სამად გაიყო. მისი განმარტებით, გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მათი ამომრჩევლების ნაწილი, წარმოდგენილ არჩევანში რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ მათი გადაწყვეტილებით, ისინი მათ ამომრჩეველს თავს საკუთარ მოსაზრებას არ მოახვევენ და ამით შეეცდებიან ორპოლუსიანობის გარღვევას, რომელიც ანა დოლიძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა.