მელია-გვარამიას ახალი პარტია და ოპოზიციის გეგმები

წინასაარჩევნო გადაჯგუფებები დაიწყო.

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ახალ პარტიას არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ. ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ალიანსს და მათ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას პოლიტიკური აქტორების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ახლა განხილვის მთავარი თემაა, რამდენად შეძლებენ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან გამიჯვნის შემდეგ „ახალის“ დამფუძნებლები გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობას და წაიღებენ თუ არა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებსაც. დიდი ალბათობით ახალი ალიანსი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ყოფილი მმართველი პარტიისგან სხვადასხვა დროს წასულ სხვა პოლიტიკოსებსაც შემოიკრებს. კონსულტაციები გრძელდება. საინტერესოა, შეუერთდება თუ არა ახალ ერთობას „ლელო“, რომელმაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა თვეების წინ დააანონსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ ძალასთან გაერთიანების ალბათობა დაუშვა.