ქუთაისში რვასაათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია.
12-ვე მძევალი თავისუფალი, თავდამსხმელი კი დაკავებულია. რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების პროცესი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. ბანკში შეჭრილ ნიღბიან თავდამსხმელს ოთხი მოთხოვნა ჰქონდა: ორი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსეთის დროშა. ის სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული და ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ასევე ხელყუმბარით და დანით შეიარაღებული. დღის განმავლობაში პერიოდულად სოციალური ქსელით ვრცელდებოდა კადრები ბანკის შენობიდან, ერთ-ერთი მძევლის საშუალებით გახმოვანდა მოთხოვნებიც. ქუთაისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. უცნობია, წარიმართა თუ არა ბანკში შეჭრილ დამნაშავესთან მოლაპარაკებები და რა ვითარებაში მოხდა მისი აყვანა. თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურებამდე ადგილზე გაისმა სროლის ხმაც. ტერორისტული აქტის გარდა საქმე კიდევ რამდენიმე მუხლით არის აღძრული.