ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მასშტაბური სამშენებლო პროექტები ისევ ურთიერთბრალდებების თემაა. საკითხზე განმარტებები დღეს თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძემ ოპონენტები სპეკულაციებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თბილისში ახალი დეველოპერული პროექტები დედაქალაქის გენგეგმის მიხედვით ხორციელდება.
მერის განცხადების საპასუხოდ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სამშენებლო ნებართვებს თბილისის მთავრობა პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გასცემს. ხელისუფლების ოპონენტები ქაოტური მშენებლობების გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეზე მიანიშნებენ.
ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საკრებულოს უმრავლესობა და აქცენტს ქალაქის განვითარების აუცილებლობაზე აკეთებს.