კონსულტაციები დასრულებულად ცხადდება.
მმართველი გუნდი და საპატრიარქო კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე შეთანხმდნენ. მართლმადიდებლობა, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი – ასე იქნება ფორმულირებული საკონსტიტუციო ჩანაწერი. რამდენიმე დღიანი განხილვების შემდეგ დამტკიცებული მოდელი ცვლის 2002 წელს ხელმოწერილ კონსტიტუციურ შეთანხმებას, იგივე კონკორდატს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ სტატუსს და მის განსაკუთრებულ ადგილს განსაზღვრავს. თავდაპირველად ხელისუფლების შეთავაზება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობდა, თუმცა ინიციატივაზე საპატრიარქომ უარი თქვა. სამოციქულო ეკლესიის სტატუსის განმტკიცების მოტივით ინიცირებული ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერის კონსტიტუციაში ასახვა მეოთხე საკითხია, რომლითაც მმართველი პარტია მოახლოებულ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობას ხსნის. თუმცა „ქართული ოცნების“ ინიციატივით გამართული კონსულტაციები პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება. ოპონენტები შეთავაზების მიღმა საარჩევნო გათვლებს ხედავენ.