გაჩნდება თუ არა კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი: მმართველ გუნდსა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები გრძელდება. განხილვის საგანია ხელისუფლების წინადადება, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის და როლის კიდევ უფრო გამყარებას გულისხმობს. სამოციქულო ეკლესია ხაზგასმით ამბობს, რომ პოტენციური საკონსტიტუციო ჩანაწერი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას არ ითვალისწინებს. როგორი იქნება საბოლოო ფორმულირება – სინოდის წევრები ეკლესიის როლის გაძლიერების სურვილს იზიარებენ, თუმცა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეას თავისუფლების შეზღუდვის არგუმენტით ეწინააღმდეგებიან. თავის მხრივ, საკუთარ შეთავაზებას ქრისტიანული ტრადიციების და სარწმუნოების გაძლიერების და მეტად დაცვის სურვილით ასაბუთებს მმართველი გუნდი. შეიცვლება თუ არა მოდელი, რომელზეც სახელმწიფო და ეკლესია 23 წლის წინ შეთანხმდა.
საუბარია კონსტიტუციურ შეთანხმებაზე, იგივე კონკორდატზე. კონსტიტუციის მერვე მუხლის შესაძლო ცვლილების თემა უკვე გახდა მწვავე პოლიტიკური უთანხმოების საგანი.