მსოფლიო ქვეყნების ნაწილი შიმშილის კრიზისის ზღვარზე.
რუსეთის მოულოდნელი გადაწყვეტილება საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. მოსკოვი სამი თვის წინ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ათეულობით ქვეყნისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდება ისევ დაიბლოკება. შიმშილით შანტაჟი – ასე ფასდება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ივლისში თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა. რუსეთის საზღვაო ბლოკადის შედეგად შავი ზღვის პორტებიდან მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი კიდევ ერთხელ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს კი ყველაზე დიდ საფრთხეს განვითარებად ქვეყნებს უქმნის, რომლებიც მთლიანად უკრაინიდან მარაგდებიან. ომის დაწყების შემდეგ უკვე მეორედ შექმნილი სასურსათო კრიზისის დაძლევას კიდევ ერთხელ შეეცდება თურქეთი, რომელიც რუსულ მხარესთან კონსულტაციებს გეგმავს.