ადამიანური შეცდომა თუ დაგეგმილი მანიპულაცია: საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დროს დაფიქსირებული ხარვეზი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა, თუმცა საკითხის გარშემო ვნებათაღელვა ვერც ელენე ნიჟარაძის გადადგომამ ჩააცხრო. პირველი ვრცელი განმარტებები ე.წ. სერბული მოდელის გამოყენების და ბათილი ბიულეტენების მექანიკურად დათვლის შესახებ მმართველი გუნდისთვის არადამაჯერებელია. „ქართული ოცნება“ ორგანიზაციის მისამართით როტორიკას ამწვავებს და შედეგების მიზანმიმართულ გაყალბებასა და ხარვეზის შეგნებულად დამალვაში ადანაშაულებს. გადამდგარი თავმჯდომარის მიმართ კითხვები აქვთ ორგანიზაციის შიგნითაც, სადაც არ უარყოფენ, რომ შესწორებული და ცესკო-ს მონაცემებთან მიახლოებული შედეგების თვენახევრის შემდეგ გასაჯაროებამ ორგანიზაციას რეპუტაციული ზიანი მიაყენა.
ოპოზიცია კი, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ „ისფედის“ მიერ ჩატარებულ პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ასახელებდა, მომხდარს თავადაც ადამიანურ შეცდომას უკავშირებს და აცხადებს, რომ ფაქტი საერთო სურათს არ ცვლის. შესაბამისად, ხელისუფლების ოპონენტები გამოცხადებული ბოიკოტის შეწყვეტაზე არ ფიქრობენ. ორგანიზაციის წევრების მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები, უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს მმართველ გუნდში. უმრავლესობის დეპუტატები „სამართლიანი არჩევნებისგან“ ახლა ბიულეტენების დისბალანსთან დაკავშირებული კიდევ ერთი გადაცდომის აღიარებას ელოდებიან.