ოპოზიციის 51 არჩეული დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. უახლოეს დღეებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იგეგმება, რის შემდეგ გაირკვევა, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი თავისუფალ კენჭისყრაზე გავა, თუ „ქართული ოცნება“ საერთო პოზიციით იქნება წარმოდგენილი. თუ თავისუფალი კენჭისყრა გადაწყდა და 76 ხმა ვერ მოგროვდა, ეს ნიშნავს, რომ მანდატების გაუქმების საკითხი ჩავარდება. ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილებას ითხოვს, მმართველი პარტია კი, 2 თებერვლამდე დარჩენილ დროში ოპონენტებს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას ურჩევს. ამ მოწოდებას ხელისუფლება საერთაშორისო გზავნილების გარდა „ენდიაის“ ბოლო კვლევებითაც ამყარებს. თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციის გეგმებში ჯერ არაფერი შეცვლილა.