მამუკა ხაზარაძის საარჩევნო სტრატეგია - პოლიტიკური შეფასებები

„ლელოს“ ლიდერის განცხადებამ მორიგი პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია.

ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული მამუკა ხაზარაძის მიმართვის ადრესატი ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილია. მმართველი პარტიის დამფუძნებელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არჩევნების შემდეგ ცხოვრების მოსკოვში გაგრძელებით ემუქრება. თითქმის ანალოგური შინაარსის განცხადება ერთი თვის წინ, პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების შემდეგაც გაკეთდა. თუმცა, ამჯერად ხაზარაძის ტონი კიდევ უფრო მწვავე იყო. სიტყვა პროკურორის ხსენების ფონზე მმართველმა გუნდმა „ლელოს“ ლიდერის გზავნილში რეპრესიების დაანონსება და მუქარა ამოიკითხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც თვეების წინ ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა დააანონსა და რომლის პარტიაც ბოლო პერიოდში რადიკალური განცხადებებით და სვლებით გამოირჩევა, დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა. პარტიას „ქართული ოცნებიდან“ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე მიღებული არცთუ სახარბიელო შედეგი დღეს რამდენჯერმე შეახსენეს.