„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც იყო, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია, პრეზიდენტიდან დაწყებული, – ეს განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გუშინ გააკეთა. მისი თქმით, იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა. ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ეს „მგელი“ დღეს აღარ არსებობს, რადგან მისი თავები და ხელმძღვანელები, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია. ეს განცხადება ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შესაძლო რევანშსა და წარსულზე აქცენტების გაკეთებას დაუკავშირა. უკვე დღეს ნიკა მელიას მიერ ვიცე-მერობის კანდიდატად წარდგენილი ხაზარაძე ამბობს, რომ განცხადება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ მოიხსენიებს, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, რეალურად კი ის გულისხმობდა იმას, რომ ამომრჩევლის დაშინება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით და ქვეყნის არევით, აღარ მუშაობს, რადგან სააკაშვილი უკვე ციხეშია. რაც შეეხება კითხვას, მიიჩნევს თუ რა ის სააკაშვილს დამნაშავედ, ხაზარაძე პასუხობს, რომ ყველას და მათ შორის სააკაშვილსაც ქვეყანაში ეკუთვნის სამართლიანი სასამართლო.
ხაზარაძის განცხადებაში, პრობლემას ვერ ხედავენ მისი თანაგუნდელები ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტიდან. ოპოზიციის ნაწილისთვის კი „ლელოს“ პოლიტიკა გაუგებარია, განსაკუთრებით მსგავსი განცხადებების ფონზე.