მამუკა ხაზარაძის ბრალდების სამიზნე საქართველოს პირველი არხი ხდება.
პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის უკმაყოფილება მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის 12 წევრზე გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომელიც პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ლელოს“ დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია „ლელოს“ კომპიუტერიდან მოიპოვა. მოცემულობა და ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის მონაცემების მოპოვება ჟურნალისტური წყაროებით ხდება, ახლად შექმნილი მოძრაობის ლიდერებისთვის არადამაჯერებელია.
ცალკე თემაა, რომ „ლელოს“ სავარაუდო წევრებზე ინფორმაცია ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა. მეტიც, დღეს „თიბისის“ დამფუძნებლებმა მოგვიწოდეს, რომ მხოლოდ ოფიციალური არხებით მოვიპოვოთ ინფორმაცია.