მამუკა ბახტაძემ ტომას გრემინგერს უმასპინძლა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება, ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების წვდომის მნიშვნელობა და მათი როლი მშვიდობის უზრუნველყოფაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე.

მამუკა ბახტაძემ ტომას გრემინგერს უმასპინძლა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ჩართულობაზე. ტომას გრემინგერი ეუთო-ს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა საქართვლოს პრეზიდენტსაც. მხარეებმა ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ეუთო-ს ჩართულობაზე ამ პროცესებში.