პრემიერ-მინისტრი საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა რამდენიმე კვირის წინ იაპონიაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე, სადაც საქართველო იყო წარმოდგენილი, როგორც ღვინის სამშობლო, ანსამბლ „ბასიანის“ წევრებიც მონაწილეობდნენ და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართული ღვინო და პოლიფონია ჩვენი დიდი საგანძურია და საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ამ საგანძურის შენარჩუნებას ემსახურება. ღონისძიების მონაწილეებს მიმართა ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და გამოცემის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.