მამუკა ბახტაძე კახეთში “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო
კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი 110 მილიონ ლარს მიაღწია, – “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს კახეთში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.
მთავრობის მეთაური, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, “რთველი 2018”-ის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა. ლევან დავითაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ “რთველი 2018” ორგანიზებულად, წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ ყოფილა.
მთავრობის მეთაური დღესვე სოფელ რუისპირში გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიკურ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მზადდება.