ქართველი ფეხბურთელების, გიორგი მამარდაშვილის და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები transfermarkt-მა გამოაქვეყნა. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის იყო. შესანიშნავად ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ გიორგი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა და ტელეკომპანია ESPN-მა დაასახელეს, ხოლო Transfermarkt-მა მისი შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა, რითაც პორტუგალიელ დიოგო კოშტასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ასევე გაიზარდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და „ოქროს ბუცის“ მფლობელის, გიორგი მიქაუტაძის შეფასება, 15 მილიონის ნაცვლად, მის გრაფაში ახლა 20 მილიონი წერია.