მალტელი ბლოგერის მკვლელობის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას მალტის ხელისუფლება ავრცელებს. ყველა დაპატიმრებული მალტის მოქალაქეა. მთავრობა ეჭვმიტანილების ვინაობას ჯერ არ ასახელებს.
დაფნე კარუანა გალიცია 16 ოქტომბერს, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ცნობილი ჟურნალისტი მთავრობის წევრებისა და მათი ახლობლების ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის შესახებ წერდა.
მომხდარი მკვლელობის გამო, მალტის ხელისუფლება ევროკავშირმა გააკრიტიკა და საქმის დროული გამოძიება მოსთხოვა. მალტის მთავრობამ დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის საქმეზე ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ ერთი მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა.
საქმის გამოძიებაში ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროც.