„ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია – ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და, რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით… ასევე, ვნახეთ პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს“, – აცხადებს კარპენტერი.
მისივე თქმით, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის. მაიკლ კარპენტერმა ინტერვიუში საქართველოს საგარეო კურსსა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზეც ისაუბრა. „საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება, ჩვენთვის შემაშფოთებელია. ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და „უცხოეთის აგენტების კანონი“ ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა. იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს,“ – აღნიშნა კარპენტერმა.
კარპენტერის ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი განცხადებები ცრუ ნარატივის საფუძველზე კეთდება და შემაშფოთებელია.