მაიკ პომპეო: აშშ-ი რუსეთის ექსპანსიასთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას განაგრძობს
აშშ განაგრძობს რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს სიტყვაშია ნათქვამი, რომლითაც დღეს სენატში წარდგება.
აშშ იარაღს აწვდის რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლ მამაც მამაკაცებს და ქალებს საქართველოსა და უკრაინაში, – ნათქვამია მაიკ პომპეოს გამოსვლის ტექსტში, რომელიც სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა.
სენატში გამოსვლისას აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი ჩამოთვლის იმ ნაბიჯებს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დგამს. მათ შორის არის აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციები, დიპლომატების გაძევება, აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდა, ბირთვული არსენალის მოდერნიაზაცია და რუსეთის ექსპანსიასთან მებრძოლი საქართველოსა და უკრაინის შეიარაღება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს გამოსვლა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს თბილისის დროით 17:30 დაიწყება.