მაღაროელების მასშტაბური პროტესტი დასრულებულია. შეთანხმება მიღწეულია. ისინი სამუშაოს უბრუნდებიან. გადაწყვეტილებას წინ „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულ თანამშრომელთა შორის მოლაპარაკებები უძღოდა, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. თავდაპირველად მაღაროელებს ხელფასი 25 პროცენტით პირველი ივლისიდან მოემატებათ, დამატებით კიდევ 10 პროცენტიანი ზრდა კი, ერთი წლის განმავლობაში მოხდება. ასევე, დამსაქმებელი კომპანია სამუშაო პირობების გაუმჯობესების ვალდებულებასაც იღებს. განცხადებაში, რომელიც შეთანხმების დეტალებს მოიცავს, ასევე წერია, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, კვების ინდივიდუალურად დაფინანსების მოდელი დაინერგოს.
მაღაროელების აქცია თერთმეტი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 %-ით მატებას ითხოვდნენ.