პროტესტის მე-18 დღე. მაღაროელების აქცია გრძელდება. ისინი საკანონმდებლო ორგანოს წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და საღამოს 7 საათზე მორიგ აქციას აანონსებენ. აქციის მონაწილე მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ხელფასების ოდენობის გასაჯაროვებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხები დასვენების გარეშე, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თანხა იყო და არა რეალური ხელფასები. ისინი ასევე ეხმაურებიან კომპანიის ინიციატივას, ჭიათურის მაღაროების მაღაროელებისთვის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება, კომპანიამ სააქციო საზოგადოება შექმნას. მაღაროელები 14-პუნქტიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკვე ორ კვირაზე მეტია ითხოვენ – მათ შორის ხელფასის 20%-იან მატებას და ღირსეულ, უსაფრთხო სამუშაო პირობებს.
მანამდე კი განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან მანგანეზმა“. მასში ნათქვამია: „ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, რომ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“ – აცხადებენ კომპანიაში. ასევე, კომპანიამ დასაქმებულთა ხელფასები ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, მათი თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.