მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსება იზრდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა ჯანდაცვის მინისტრისა და სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას შეადგენს. აუდიენციის ფარგლებში განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალხარჯიანი შემთხვევები, DRG-ისთან ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლ-დღის მიხედვით დაფინანსდება. გარდა ამისა, კლინიკებში რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება. შეხვედრაზე ქვეყანაში კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის – „დიარჯის“ დანერგვა წარმატებულ რეფორმად შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. სილვიუ დომენტეს განცხადებით, ამით მოქალაქეების ფინანსური დაცულობა და ჯანდაცვისა თუ ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა საჭიროა სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება.