მაღალი რანგის სტუმრებმა რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე სპეციალური კომუნიკე მიიღეს
ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ათი წლისთავზე სპეციალური კომუნიკე მიიღეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 10-პუნქტიან კომუნიკეში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აქვს სრული უფლება, თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და აირჩიოს ალიანსები, რომლებშიც გაწევრიანდება.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ათი წლისთავზე, რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.
ამასთან, ოთხივე ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები პარლამენტში გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.