ისტორიული მოვლენა, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა.
სანახაობრივად შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონია. საზეიმო მსვლელობა ღია ავტობუსით ვაკიდან თავისუფლების მოედნამდე, ქომაგებით სავსე ქუჩები და გულწრფელი ემოციები – გერმანიიდან დაბრუნებულ გუნდს გულშემატკივრები ღონისძიების ადგილამდე ფეხით, სიმღერებით და მადლიერების გამომხატველი შეძახილებით მიაცილებდნენ. მადლობა – გუშინ თბილისის ცენტრში ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიტყვა ისმოდა. შემდეგ იყო სცენაზე გამოსვლა, ღირსების ორდენებით დაჯილდოება და ქომაგებისადმი მიმართვა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობა, პორტუგალიის სახით ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და მერვედფინალში მოხვედრა თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. დღის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც წამყვანობასაც მშვენივრად გაართვა თავი.
2 ივლისის ღამის დაუვიწყარი ემოციები და სახალხო ზეიმი – ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.