არც უარი და არც დასტური. პრეზიდენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზონანსულ კანონს ვეტო არ დაადო, თუმცა არც ხელი მოაწერა.
საუბარია არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტზე. პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონს მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს, რაც ნიშნავს, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურები ამჯერად არ გაიმართება და კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში. სახელმწიფოს მეთაური, ისევე როგორც ოპოზიცია, კანონის ამოქმედების საჭიროებას ვერ ხედავს. საკანონმდებლო განხილვებმა ოპოზიციური სპექტრის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. დისკრიმინაციის და ადამიანის უფლებების დარღვევის მოტივით კანონს მწვავედ აკრიტიკებენ და მის გაუქმებას ითხოვენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სქესის შესაცვლელად სამედიცინო მანიპულაციების და ერთნაირ სქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის აკრძალვა, შეზღუდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში – ხელისუფლება სადავო კანონის მთავარ მიზნად ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან არასრულწლოვნების დაცვას აცხადებს.