ლევან იზორია: საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს, თუ როგორ გახდეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა.
ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო 2018 წელს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს.