მსახიობი, რომელმაც მხოლოდ 29 წელი იცხოვრა და ეკრანზე უამრავი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
ლევან აბაშიძე 60 წლის გახდებოდა. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აღიარება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მოიპოვა. თანამშრომლობდა სხვადასხვა რეჟისორთან და ქმნიდა ერთმანეთისგან განსხვავებულ გმირებს. ერთდროულად სამ გადასაღებ მოედანზე მუშაობდა აფხაზეთის ომში წასვლამდეც. ქართული კინოს გამორჩეული სახე 1992 წლის 7 სექტემბერს, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, სოფელ ზემო ეშერასთან დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლე ახალგაზრდამ დაასრულა, მაინც ბევრი რამ მოასწრო. ლევან აბაშიძე გადაღებულია 20-მდე ფილმში, სადებიუტო როლი ლანა ღოღობერიძის კინოსურათში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, შეასრულა. მაშინ 14 წლის იყო. პირველი მთავარი როლი კი ფილმში, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ ითამაშა.
ყველასთვის საყვარელი მსახიობი დღემდე პატრიოტიზმის, სიმამაცისა და სამშობლოსადმი სიყვარულის მაგალითად რჩება.