მკვეთრად შეცვლილი რიტორიკა და პოლიტიკური სვლები – საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ლელო“ ტონს სულ უფრო ამკაცრებს. წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რადიკალური განცხადებებით და ტაქტიკით სწორედ მამუკა ხაზარაძის გუნდი გამოირჩევა. იზრდება დამაჯერებლობაც – პოლიტიკური ძალა არჩევნებში გამარჯვებაში და ხელისუფლებაში მოსვლაში დარწმუნებულია. თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძის გაერთიანება საარჩევნო სტრატეგიის გასაჯაროებას არ ჩქარობს და არ აკონკრეტებს, რა ფორმით აპირებს საარჩევნო მიზნების რეალობას ქცევას. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსებული მიზიდულობის ახალი ცენტრი ჯერ შექმნილი არ არის. მართალია, ხაზარაძის გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა წინასაარჩევნო თანამშრომლობის ალბათობა ყველა პროდასავლურ ძალასთან დაუშვა, თუმცა საეჭვოა, რამდენად მოახერხებს დანარჩენ ოპოზიციასთან კოორდინაციას. ბოლო გადაწყვეტილებების და განცხადების გამო „ლელოს“ კრიტიკას და შენიშვნებს ოპოზიციური ფლანგიდანაც აღარ აკლებენ და არჩევნებში მის შანსებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.