პარტია „ლელოს“ საპარლამენტო გუნდი ე.წ. ლუსტრაციის საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტის ფარგლებში, პარლამენტში ცვლილებების ახალ პროექტს წარადგენს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ახალი მუხლის დამატებას გულისხმობს. როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, ცვლილებები გულისხმობს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შემდეგ ცვლილებებს:
ოკუპანტის სიმბოლიკის აკრძალვას – რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინის ან, რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიის პოპულარიზაცია, განდიდება, გამართლება ან/და მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, რაც გამოიხატება, მათ შორის, წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავ ზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „z“ და „v“ სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარება, გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას ან და პატიმრობას. პროექტი ორშაბათს, ბიუროს სხდომას წარედგინება.