აჭარაში, კერძოდ ქობულეთში სანაპირო ზოლის გასხვისების შესახებ საუბრობენ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები.
ირაკლი კუპრაძის და პაატა ცივაძის განცხადებით, აჭარის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათი განმარტებით, საქმე ეხება სოფელ ბობოყვათში 284 735 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. მათი თქმით, აღნიშნული აუქციონი მთავრობამ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გამოაცხადა. პარტიის ლიდერები მოუწოდებენ აჭარის მთავრობას შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაამყარებს კომუნიკაციას ადგილობრივ მცხოვრებლებთან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების მიხედვით ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის სწორი ურბანული განვითარება. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმის მიხედვით, ტერიტორიის 75% რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს.