2020 წლის არჩევნებამდე, საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ყალიბდება.
„ლელო საქართველოსთვის“ – ასეთი იქნება იმ ორგანიზაციის სახელწოდება, რომელშიც მამუკა ხაზარაძის მიერ შექმნილი მოძრაობის გარდა, „შენების მოძრაობის“ წევრები და „ახალი მემარჯვენეები“ ერთიანდებიან.
„ლელოს“ ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს.
„ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამიერიდან სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანება აღარ იგეგმება. რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, პარტია ამ სახელწოდებით აღარ იარსებებს და მისი წევრები უკვე ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შემადგენლობაში იქნებიან.
დღეიდან, დავით უსუფაშვილიც ამ ორგანიზაციას წარმოადგენს. „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტიის მთავარი მიზანი, მომდევნო არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის ფორმირებაა.