„ლელო“ ხელისუფლებას კიდევ ერთი მოთხოვნით მიმართავს.
პარტია იმ კითხვარის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში განაცხადის წარდგენის შემდეგ მიიღო. სწორედ ამ კითხვარის შევსებაზე და პასუხებზეა დამოკიდებული, ჩათვლის თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას საჭიროდ. „ლელოს“ მოწოდებაა, რომ კითხვების შევსების პროცესი გამჭვირვალე და ღია, პასუხები კი საჯარო იყოს, რათა შემჭიდროებულ ვადებში ქვეყანამ საპასუხისმგებლო მისიას წარმატებით გაართვას თავი და ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას, რის საფრთხესაც ინიციატივის ავტორები რეალურად მიიჩნევენ. „ლელო“ ევროინტეგრაციის კომიტეტში კითხვარის შევსების გეგმის გასაგებად საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევასაც მოითხოვს. ორშაბათს გადმოცემული 369 კითხვის გასაჯაროების საკითხს ხელისუფლება ევროკომისიასთან გაარკვევს, კითხვარის შევსების პროცესში ოპონენტების ჩართვა კი არ განიხილება.