საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები ხუთჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. სწორედ ეს დასახელდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებად გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2020-2021 წლებს მოიცავს.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალებს აკისრიათ. კვლევის ავტორების განცხადებით, ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის.