კვლავ უცნობია, როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

დღე მე-16 – როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ქართველი სამხედროს ოჯახი, სამძიმარს ორ კვირაზე მეტია იღებს და ცხედრის გადმოსვენების მოლოდინშია.

წილკანში დღეს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ხელისუფლების ოპონენტები, არსებული ვითარების გათვალისწინებით, პრემიერის განცხადებას აპროტესტებენ და მთავრობას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.

იმ ფონზე, როდესაც საოკუპაციო რეჟიმს ტატუნაშვილის ცხედარი დღემდე არ გადმოუსვენებია და ასევე არ გაუთავისუფლებია ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაუშვებლად მიიჩნევენ რუსეთთან დათმობის პოლიტიკის ენით საუბარს.

მთავრობის პოზიციაა, რომ პრემიერი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ სთავაზობს რუსეთს კონფლიქტური ვითარების დასარეგულირებლად ერთობლივი ნაბიჯები გადადგან.