მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილეს. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად ყალიბდება. ცალკე იქმნება კულტურის სამინისტრო. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეგლამენტში შესატანი ცვლილებებიც, რომლის თანახმადაც, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყოფა და კულტურის კომიტეტი ცალკე შეიქმნება. აღნიშნულ ინიციატივებს პარტია „ევროპელი სოციალისტებისგან“ განსხვავებით, მხარს არ ეჭერს პარტია „მოქალაქეები“. ალეკო ელისაშვილის თქმით, არ დგას სამინისტროს გაყოფის საჭიროება და ასევე, იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ კულტურის სამინისტროს შექმნა სფეროს უფრო ეფექტური მართვის მიზნით არის განპირობებული. უმრავლესობის განცხადებით, მარტის ბოლოს უკვე შეიქმნება კულტურის სამინისტრო.