კულტურის სამინისტროს განმარტება

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, სსიპ-ების გაერთიანებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებენ. მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მმართველობითი სისტემის გაუმჯობესებასთან ერთად დარგობრივი და სექტორული სსიპ-ების გაძლიერებას გულისხმობს.

საუბარია იმ სსიპ-ების გაერთიანებაზე, რომლებიც მსგავს საქმიანობას ახორციელებენ. გიორგაძე ამბობს, რომ ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს უწყებამ გადაწყვეტილება მიზანმიმართულად მიიღო და ამით დაწესებულებებში დასაქმებულებს უპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ  ერთიანდება სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები. მაგალითად: ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და  „მწერალთა სახლი“; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთიანდება  ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, ასევე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. დაგეგმილია მიხეილ შენგელიას სახელობის „ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის“ შეერთება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.