მაშინ, როცა საქართველოში უცხო ქვეყნის დაზვერვასთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო თანამშრომლობის საკითხს არკვევდნენ, სტრასბურგში სწორედ ექს-პრეზიდენტის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავდნენ.
577 ხმით მიღებულია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეჯერებული კომპრომისული რეზოლუცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული საფუძვლებით სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის საბოლოო ტექსტში მოხვდა ევროპის სახალხო პარტიის მიერ მომზადებული შესწორებაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების რეკომენდაციას ეხება. საკმაოდ მწვავე შინაარსის დოკუმენტში „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო შეზღუდვაზეც აფრთხილებენ. კიდევ უფრო მწვავე იყო ევროპის სახალხო პარტიის წევრ კუბილიუსის გზავნილი, რომელშიც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა მუქარა და ულტიმატუმი ამოიკითხეს. ეს უკვე ევროპარლამენტის მეორე რეზოლუციაა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე მძიმე ჩანაწერებს მოიცავს.