საოკუპაციო ხაზთან გახშირებული გატაცებების ფონზე სულ უფრო მწვავდება რუსეთის ტონი.
გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ მოსკოვი საქართველოს და უკრაინის გამო დასავლეთს უკვე პირდაპირ ემუქრება. ეუთო-ს და ნატო-ს მინისტერიალების პარალელურად ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის რეზონანსული განცხადებების მთავარი გზავნილია, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება არ მოხდეს. მაშინ როდესაც მოსკოვი ევროპისგან გარანტიებს ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგებს აანონსებს, ნატო რუსეთს საქართველოს და უკრაინის სუვერენულ უფლებებს ახსენებს. ამერიკა კი რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ვაშინგტონის მხრიდან ასამოქმედებელ მკაცრ ზომებზე აფრთხილებს. ბოლო დღეებში გამართული ორივე მინისტერიალი უკრაინისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა. უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღების გაზრდის და მობილიზაციის ფონზე საერთაშორისო პარტნიორები მოსკოვის მიმართ ზეპირი გამაფრთხილებელი განცხადებების გარდა კონკრეტულ შემაკავებელ პაკეტზეც მუშაობენ.