მკვეთრი მატების ფონზე მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვის პროცესში სერიოზული ხარვეზებია.
სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით, ინფიცირებულთა ამ კატეგორიას ბინის პირობებში ოჯახის ექიმები დისტანციურად მკურნალობენ, თუმცა გაზრდილი მიმართვიანობის გამო პრობლემაა გადაუდებელი მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე, 112-ზე დარეკვა, რომელიც კოვიდ-დადასტურებულ მოქალაქეს სიმპტომების სიმძიმის მიხედვით სასწრაფო დახმარების სამსახურთან ან ოჯახის ექიმთან ამისამართებს. დღევანდელი მონაცემებით, სახლის პირობებში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის ნახევარი მკურნალობს. ოჯახის ექიმები მზარდ ნაკადებს უმკლავდებიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მალე დამატებითი ჯგუფების გამოყოფა გახდეს საჭირო.